Italian Trulli
1. ერთ სამეფოში სიმშვიდის უფლისწული ცხოვრობდა. სხეულზე უთხელესი აბრეშუმის სამოსი ეცვა. სამეფოს მაცხოვრებლებმა მას სიმშვიდის უფლისწული შეარქვეს, რადგან მისი ყოველი ნაბიჯი და თვალის დახამხამებაც კი, ყოველი ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა არაამქვეყნიური სიმშვიდით გაჯერებულიყო. ბავშვი თუ მოზარდი, ყველა გრძნობდა რა საოცარ სიმშვიდეს ასხივებდა უფლისწული, მაგრამ თვითონ ბოლომდე დამშვიდებული არ იყო. რაღაც არ ასვენებდა და თანაც ყოველთვის უნდოდა მართლა მშვიდი, აბსოლუტურად მშვიდი ყოფილიყო. სამეფოს ირგვლივ კი ნაძვნარის მარადმწვანე ტყე გაშენებულიყო.
2. ამ ტყეში, სიმშვიდის უფლისწული ხშირად სეირნობდა, სალამურზე უკრავდა და ქრისტეს ელაპარაკებოდა. ის, იმ რაღაც მისთვის ასე აუხსნელსა და უსახელოს ყოველთვის ტყეში ეძებდა, უსახოსა და უთქმელს მისი სიღრმეებიდან თუ მის მიღმა გრძნობდა ასე რაც არ ასვენებდა, თავს არ ანებებდა. ერთ დღესაც, უფლისწული პატარა ტბის წინ, ედემის ბაღის დროინდელი ხის ძირას ჩამომჯდარიყო, ისევ ისე უკრავდა იმ თავის სალამურზე და თავისთვის განმარტოებული ქრისტეს ელაპარაკებოდა. “რა ვქნა იესო, აღარ ვიცი,“ თქვა მან. „სიმშვიდის უფლისწულს მეძახიან, მაგრამ კარგად ვიცი, აბსოლუტურად მშვიდი არ ვარ, რაღაც არ მასვენებს, არც ვიცი რა არის ეს რასაც, რა დავარქვა მას, იგი ყოველთვის სადღაც მიხმობს, უსაზღვრო რამე სივრცეში მეძახის... მინდა, ძალიან მინდა აბსოლუტურად მშივიდი ვიყო, მაგრამ როგორ არ ვიცი,” თქვა და უნაზესმა ნიავმა და თან ბასრმა, გულში შემღწევმა ნიავმაც იმწამიერად დაკრა. “ამ ტყეში ხშირად სეირნობ მეგობარო,“ უეცრად ხმა გაიგონა. უფლისწულმა თავი წამოწია. მიმოიხედა. მიენდო ხმას. „ხშირად ვლაპარაკობთ მე და შენ... დახუჭე თვალები,“ ამბობდა იესო ქრისტე. „ჩაისუნთქე და გულს მოუსმინე, ყური დაუგდე რას გეუბნება.” ნიავს თავისი გამჭვირვალე ხმა გააყოლა იესომ. უფლისწულმა თვალები დახუჭა. ღრმად ჩაისუნთქა. “უფრო ღრმად უნდა შევიდე ტყეში,“ თქვა მან. „ასე ღრმად არასოდეს შევსულვარ... მეშინია... არ ვიცი იქ რა არის, რომ ვერ ამოვიცნო? ამოუცნობის მეშინია. ტყეში ღრმად ჯერ არავინ შესულა,” ამბობდა უფლისწული. “ნუ გეშინია. ამ ტყეში შენ გარდა, ღრმად ვერავინ შევა ძმაო ჩემო და მეგობარო, გულს ენდე, თავს მიენდე, მიდი და უკან არ მოიხედო, შევხვდებით მალე” თქვა ქრისტემ და ფოთლებიც მინდვრებს დაეფინნენ. ქარმა დაბერა და ფოთოლცვენაც აცეკვდა. უფლისწულს გაეღიმა და ადგომისას ჩაილაპარაკა: “წავედით...” და შევიდა ტყეში.
3. ტყეში მართლაც არნახული, გამაოგნებლად ულამაზესი მინდვრები გამოჩდნენ, აუხსნელად უმშვენიერესი მდინარეები გამოჩდნენ, უგამჭვირვალესი და უმშვიდესი გარემო დახვდა. გამოჩდნენ ცხოველები, ფრინველები, ყვავილები და სუნებიც გაკრთდნენ. მისთვის აქამდე ამოუცნობიც კი იყო ბევრი რამ რაც მან ახლა აქ ნახა. ყველაფერში მართლაც მთელი სამყაროს ანარეკლები ჩანდნენ და მთელი სამყარო ამ ტყეში ჩატეულიყო თავის სიცოცხლის გამჩენი ძალითა და სითბოთი, სინათლეებითა და სიჩუმით. თითქოს ყველაფერი მღეროდა აქ, მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში უფრო ეშინოდა და სიცხეც კი მატულობდა და უფლისწული მაინც მიდიოდა, შედიოდა, გზას აგრძელებდა. ის ულამაზესი და შემაშინებლად აღუწერელი არსებები და სუნები და ყვავილები ნელ-ნელა მის თვალწინ ლღვებოდნენ და ქრებოდნენ და მხოლოდ უშველებელი ნაძვის მარადმწვანე ხეები რჩებოდნენ ირგვლივ, იმდენად დიდები რომ აქეთკენ შუქიც ვეღარ აღწევდა. უკვე ძალიან ცხელოდა, იწვოდა ყველაფერი. უფლისწული კი შედიოდა და შედიოდა ამ ამოუცნობ უკიდეგანობაში. უკვე ბნელოდა, ძალიან ბნელოდა, შუქი საერთოდ ვეღარ აღწევდა ტყეში. უფლისწულიც დაღლილიყო, ბევრი ეარა და თან ეშინოდა, რადგან პირველად იყო აქ, მაგრამ უეცრად, მის ირგვლივ, იასამნისფერი შუქის სხივებმა მდორედ ჩამოაღწიეს ტყეში და უფლისწულმაც თავის წინ პატარა ტაძარი დაინახა, სალოცავი. ამოისუნთქა. გაუხარდა და სალოცავში შევიდა. შიგნით ფრესკები დახვდა და იატაკზე კი მარადისობის ოქროთი გადაქერქლილი მოზაიკა. თავს არ უჯერებდა უფლისწული, ასეთი უკაცრიელი სიმშვიდე და სილამაზე არასდროს ენახა.

Italian Trulli
4. სწორედ ამ პატარა სალოცავში შეხვდა უფლისწული თავის ძველ მეგობარს, სიგრილეს. “სიგრილეეე!” სიხარულით იყვირა უფლისწულმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მიხვდა უფლისწული, ამდენი ხნის უნახავ მეგობართან კი არ უნდა ელაპარაკა, ჯერ უნდა ეგრძნო იგი. დაჯდა. თვალები დახუჭა, ირგვლივ ხმაგაკმედილი სიგრილე მშვიდადვე შეისუნთქა და სიგრილეს უკვე საკუთარი ტაძრის კარი გაუღო, თავისი გულის კარი გაუღო. სიგრილე თავის სუნთქვაში იგრძნო. მთელ თავის სხეულში. “ღმერთო ჩემო,“ სიტყვები ამოსუნთქვას ამოაყოლა უფლისწულმა. „რა მაგარია... რა მაგარია.”
5. იჯდა ასე ნეტარებაში. ჩაისუნთქავდა, წამით ასე გაყუჩდებოდა მთლიანად სმენადქცეული და მერე ამოისუნთქავდა. “მმმ...” სიამოვნების ზღვაში იძირებოდა და ამბობდა. “ოქროს ვეფხვი ვარ,” ნაზად თქვა და მთელი სხეულით გაეცინა და ღიმილი მისი სამყაროს კიდეს გადაწვდა. თვალების გახელა არ უნდოდა, სიგრილე იყო მასში და არაფერზე ფიქრობდა. საკუთარი სიმშვიდის ზღვებსა და ოკეანეებში იძირებოდა, საკუთარი მინდობის მინდვრებსა და ნისლეულებში ეფლობოდა, რომელთაც არ აქვთ დასასრული, რადგან არც არასდროს ჰქონიათ დასაწყისი.

Italian Trulli
6. ჩადიოდა და ეფლობოდა უფრო და უფრო ღრმად და უფრო ღრმად და უეცრად თავი დაინახა ბავშვობისას. თავის მეგობრებთან იყო. “ეს მე ვარ?” ისე თქვა თითქოს არც არავისთვის უკითხავს და სხვა არც არაფერი უთქვამს თავს მიაკვირდა მხოლოდ. ის ახლა ხედავდა როგორ დარბოდა და თამაშობდა პატარობისას, სამეფო სასახლის ეზოში თავის ორ მეგობართან, ჰაერთან და მიწასთან ერთად.
7. “ისევ ასეთი მინდა ვიყო,“ თქვა მან. „ ჰაერი და მიწა არ შეცვლილან, როგორებიც იყვნენ ისეთები არიან და ყოველთვის იქნებიან. მათნაირი მინდა ვიყო, მარტივი. აბსოლუტურად მშვიდი აღარ მინდა ვიყო, არ ვარ აბსოლუტურად მშვიდი,” უწონობაში მოქცეულიყო უფლისწული და მისთვის ახლა აღარაფერი ჩანდა, ისე ბნელოდა. “თავს ვათავისუფლებ,“ თქვა უფლისწულმა. „თავისგან ვათავისუფლებ,” თქვა და სიტყვებიც აუორთქლდნენ ბაგეებიდან. გრძნობდა და ხედავდა თავის სიტყვებთან ერთად თვითონაც როგორ ქრებოდა. გრძნობდა და ხედავდა ასე უწონობაში გარეტიანებული როგორ უჩინარდებოდა სიმშვიდის უფლისწული და მისგან აის რაღაც მისთვის ყოველთვის ამოუცნობი, ხელშეუხებელი, უსახელო და ყოველთვის შეუცნობელი რჩებოდა და თანაც სულ რაღაც ერთი წამით, ერთი მოუხელთებელი წამით, რადგან მასთან ერთად ქრებოდა სივრცეც და სივრცესთან ერთად ქრებოდა დროც. იგი ახლა თვითონ გამხდარიყო აის მთლიანი ვინმე შეუცნობელი თუ უკვე ასე ნაცნობი მისთვის, უკვე ყველა საზღვარი გამქრალიყო და თავისგან თავისუფალი თვითონ იყო ახლა ის ტყეც და მისი მინდვრებიც, ის ხმებიც და ის ფრინველებიც, ის ცხოველებიც, ის სიჩუმეც და ის სიგრილეც, თვითონვე გამხდარიყო ყველაფერი თუ კი რამ ბავშვობიდან აქამდე მოუტანია და განუცდია. გაქრა და გაუჩინარდა სიმშვიდის უფლისწული. ...და უეცრად ამოყვინთა. წყლის ზედაპირზე ამოყო თავი. ეს წყალი ის ზღვა იყო, ის ოკეანე იყო, ის უკიდეგანო სიცარიელე იყო, ის მანათობელი სიცარიელე იყო აიმ უსასრულო თავისუფალი სიღრმებიდან ახლა მასშივე ამონათებული. ამოცურა იქიდან, ნაპირამდე გავიდა, წყლიდან ამოვიდა, თავს დახედა, თითქოს ეკითხებოდა მართლა გავქრი თუ ისევ ისეთი ვარო ან იქნებ სამარადისოდ შევიცვალეო და ასე სანაპირო ზოლზე ისევ ისე უსაზღვრო გადაშლილ იმავე ტყეში შევიდა. შევიდა შიგნით, დაბრუნდა მასთან და მთლიანად ტყე გახდა. ... და მერე ისევ გაახილა თვალები. ისევ იმ თავის ტბასთან იყო. იმ უძველეს მუხასთან. უცებვე მოეგო გონს და წამოცოცხლდა და მიმოიხედა. გვერდით ქრისტე ეჯდა, რომელმაც ღიმილით მიუგო: “შევხვდით ისევ. რამდენი გივლია, ყოჩაღ. ადე, ერთი მაგარი იდეა მაქვს.”

Italian Trulli